7 თვის წინ
ვან დაიკი: "გაუქმებული გოლის შემდეგ "ჩელსი" უკეთ ათამაშდა"
ვან დაიკი: "გაუქმებული გოლის შემდეგ "ჩელსი" უკეთ ათამაშდა"
ავტორი
Aa

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში TOP 6-ის პირველი დაპირისპირება შედგა. ლონდონის "ჩელსიმ" შინ მერსესაიდული "ლივერპული" მიიღო და ფრე ითამაშა, რაც ამ გუნდებს შორის ზედიზედ მეხუთედ მოხდა. 

ანგარიში "წითლებმა" გახსნეს - მუჰამედ სალაჰის ჩინებულ პასს ლუიზ დიასი გამოეხმაურა. ეგვიპტელ მეგავარსკვლავს სხვაობის გაზრდის შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. სწორედ ამ მომენტის შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა და უპირატესობა "არისტოკრატთა" მხარეს გადავიდა, რაც აქსელ დისასის ჩათვლილ და ბენ ჩილველის გაუქმებულ გოლებში გამოისახა. მეორე ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, ამიტომ ტაბლოზე 1:1 შენარჩუნდა.

"სტემფორდ ბრიჯზე" გამართული შეხვედრა "ლივერპულის" კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა შეაფასა.

"ახალწვეულებმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ისინი გუნდში ძალიან კარგად ეწერებიან. ჩვენი გუნდი ერთი ოჯახია. ახალწვეულების ხარისხზე მათ მიერ მოედანზე ნაჩვენები თამაშიც მეტყველებს. მათ გამო ბედნიერი ვარ.

სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, ამიტომ ერთად ვნახავთ, შეგვეძლება თუ არა, რომ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დავიმატოთ, რათა შემადგენლობა მაქსიმალურად გაძლიერდეს.

პირველი 20-25 წუთი შესანიშნავი გვქონდა. კარგები ვიყავით ბურთთან ერთად და მის გარეშეც. გავიტანეთ შესანიშნავი გოლიც. გაუქმებული გოლის შემდეგ ისინი თამაშში დაბრუნდნენ. ჩემი აზრით, თავი კარგად დავიცავით, რაც იოლი არაა. 

საერთო ჯამში, კარგი მატჩი გამოვიდა, რომელიც ნებისმიერი სცენარით შეიძლება წარმართულიყო. 1 ქულა ავიღეთ," - თქვა ვან დაიკმა.

გეტყვით, რომ მეორე ტურში "ლივერპული" "ბორნმუთს" მიიღებს, ხოლო "ჩელსი" "ვესტ ჰემს" ესტუმრება.


Facebook კომენტარები